|
|
1. მოკლედ გვიამბე საკუთარ თავზე
გამარჯობათ! მე ვარ ნინი (Geonini). დავიბადე თბილისში 1988 წელს. ბევრი სკოლა მაქვს გამოცვლილი მაგრამ ყველაზე დიდი ხანი რ.შაჰინის სახელობის ლიცეუმში ვისწავლე. თვითნასწავლი მხატვარი ვარ – და ბავშობიდან ვხატავ. ამჟამად ვმუშაობ Leaving Stone-ში და ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური. ყველაზე წარმატებული პროექტი ჩემი მონაწილეობით არის "მე პატარა ქართველი ვარ" Facebook-ზე.
2. რა ასაკიდან ხატავ და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
როგორც მეუბნებიან 2 წლიდან დავიწყე ფანქრებით და ფერებით თამაში და 3 წლის უკვე გარკვეული ფიგურებს ვხატავდი. ძალიან მიყვარს ცხოველები და ბუნება აქედან გამომდინარე ცხენებს, დრაკონებს, ბუნებას და გამოგონილ ცხოველებს ვხატავ. მხატვრობა ყოველთვის ჰობის დონეზე იყო ჩემთვის – არასდროს მივსულვარ სადმე ხატვის სასწავლად. 11 წლის ვიყავი პირველად რომ ჩამირთეს "paint" და მერე უკვე ნელნელა ჩემი აღმოჩენებით სხვა პროგრამებსაც მივაგენი და "ჩავუჯექი". 13– წლიდან Corel–ი აღმოვაჩინე და დღემდე აქტიურად ვიყენებ. ვხატავ ძირითადად მაუსით იმიტომრომ მივეჩვიე. ამჟამად 3D-ს ვსწავლობ ტუტორიალებით და ჩემ დახატულ გმირებს ვაგებ. სავარაუდოდ ამ სფეროს გავყვები.
3. როდის გადაწყვიტე, რომ ხატვა უნდა გამხდარიყო ძირითად საქმიანობად?
პირველად 15 წლის ვიყავი როდესაც მობილური ტელეფონის "wallpaper"–ების ხატვა დავიწყე ჯეოსელისთვის, მაგრამ მაინც როგორც ჰობი ისე ვეკიდებოდი ამ ყველაფერს, შემდეგ უკვე უნივერსისეტში სწავლის დროს გავაანალიზე რომ ხატვით უფრო წინ წავიდოდი ვიდრე უნივერსიტეტში არჩეული პროფესიით, ამასთანავე ბედნიერებაა როდესაც გაფასებენ და ფულს გიხდიან იმაში რისი კეთებაც ძალიან მოგწონს.
4. სად სწავლობ და კერძოდ რა განხრით?
1 წელი ვისწავლე სამხატროში კინო – ტელე ფაკულტეტზე, შემდეგ წელს ჩავაბარე "ჭავჭავაძეში" და 2011 წელს დავამთავრე იურიდიულის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
5. თქვენი საყვარელი მხატვარი და რატომ ის?
ძალიან ბევრი მხატვარი მომწონს რა თქმა უნდა და ყველას ვაფასებ იმიტომრომ ინდივიდუალურია ყველა. გამოვარჩევ სალვადორ დალის და ვერმეერს რადგან ძალიან სუფთად და ზუსტად ხატავდნენ. ლეონარდო და ვინჩი მიმაჩნია ყველაზე განვითარებულ ხელოვანად, მაგრამ ხანდახან მეცნიერთან უფრო ასოცირდება ჩემთვის. მომწონს აფრემოვიც. ენდი ვორჰოლიც როგორც სულ ახალი მიმდევრობის ფუძემდებელი. ძალიან მომწონს თანამედროვე 2D მხატვრები. ეხლა მივხვდი რომ კონკრეტულად 1 მხატვარი არ მყავს გამორჩეული – ყველას თავისი ხიბლი აქვს.
6. მოკლედ გვიამბე ნამუშევარზე "ფრთხილად ადამიანი" – იდეა და შექმნა
ეს ნახატი შეიქმნა ძალიან სპონტანურად, ჩემ ოჯახში ყველანი ვართ ბუნებაზე უზუმოთ შეყვარებულები. ერთხელ მამაჩემმა მოიტანა ტყიდან სოკო, და ყვებოდა სოკოს კრეფის პროცესს, ამოიღო რამოდენიმე სოკო და ესე გვითხრა "ნახეთ რა საყვარლები არიან, ძლივს ვიპოვე – თითქოს მემალებოდნენ", ეს სცენა წარმოვიდგინე და დავხატე . ძალიან მიხარია რომ, ეს ნახატი ასე მოიწონეს
7. რა პროგრამებს იყენებ მუშაობისას?
როდესაც ჩემთვის ვხატავ Corel PP-ს ვიყენებ, და ისე ვიცი Corel Draw, Autodesk Maya, After effects და სხვა ბევრი პატარა პროგრამა.
8. როგორ შეაფასებდი საქართველოში 2D სფეროს? პრობლემები და მიზეზები
სიმართლე რომ ვთქვა დასაწყისში ძირითადად უცხოელებთან მქონდა ურთიერთობა ამ სფეროში, და საქართველოში რა ხდებოდა არ ვიცოდი. მაგრამ თქვენი საიტის აღმოჩენის შემდეგ ბევრი უნიჭიერესი მხატვარი აღმოვაჩინე და ძალიან მიხარია რომ ეს სფერო უკვე საკმაოდ სწრაფად ვითარდება საქართველოში.
9. რა პროექტს უნდა ველოდოთ მომავალში?
რა თქმა უნდა ბევრი გეგმები მაქვს – მაგრამ წინასწარ არ ვილაპარაკებ. ერთს ვიყვი – 3D–ზე ვაპირებ გადართვას. მაგრამ რა თქმა უნდა პარალერულად 2D–ზეც ვიმუშავებ. სიმართლე გითხრათ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ, ცოტას კიდევ "მივედ მოვედები" ხელოვნების სხვადასხვა სფეროებს და რომელიც ყველაზე კარგად გამომივა იმას გავყვები ბოლომდე.
10. რა უსურვებდი ჩვენს საიტს?
ძალიან მომწონს cgworks.ge ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველაზე მეტად იმიტომ რომ ქართული CG საიტია და თავის წარმოჩენის საშვალებას აძლევს ბევრ ქართველ ნიჭიერ მხატვარს. გარდა ამისა ძალიან მომწონს ის მყუდრო და თბილი გარემო რაც საიტზეა, და ვუსურვებ რომ მაქსიმალურად გაფართოვდნენ, განვითარდნენ და ბევრი ნიჭიერი ხელოვანი აღმოაჩინონ.
პორტფოლიოს ლინკი: http://www.cgworks.ge/php/portfolio.php?show=95

|
|
|
|